
საკითხი პოლიტიკურად (და არა რელიგიურად) წყდება
გვეკითხებიან: `ხომ ხედავთ წლებია არაფერი გამოგდით. რა პრინციპით, რატომ ითხოვთ, რომ გავერთიანდეთ ჩვენ თქვენთან; თქვენ რატომ არ ერთიანდებით ჩვენთან, რომელთაც თქვენზე მეტი სახელიც გვაქვს, ძალაც და შეძლებაც?..~ - გპასუხობთ:
1. მოვლენაა!.. დროში ჩვენი მომავალი კაცობრიული არსებობის ყოფნა-არყოფნა წყდება.
ამ გზით, არსებული აზროვნებით შექმნილი მართვის ამ სისტემებით, გარდუვალი დაღუპვაა ადამიანისაც, ერისაც, კაცობრიობისაც.
მაგრამ, გვაქვს გადარჩენის შანსიც; - ქართველებს, დროში სამყაროდან მოგვეცა სათანადო სიტყვა - ცნობიერება...
ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება `ახალი სიტყვა~ (ყოფილი პ.გ. `მძლეველი~!), და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი~, ვმოქმედებთ ამ სიტყვის მოთხოვნების შესაბამისად.
ანუ:
რა მოთხოვნებსაც ჩვენ ვაყენებთ (თუ ასე დავაყენებთ საკითხს!), საქართველოსა და ქართველი ერის გადასარჩენად, აუცილებლობაა, და არა სხვათა მსგავსი პიროვნული და პარტიული ამბიციის რიგითი გამოვლინება.
არჩევანი, ვიღებთ თუ არა ასეთ განმარტებას - `პრინციპს~, თავისუფალია...
2. გადარჩენის საკითხი წყდება პოლიტიკურად, და არა რელიგიურად, მსოფლიოში მიღებული არსებული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით (ფორმულაა: `ღმერთს ღმრთისა, კეისარს კეისრისა~...).
გადასარჩენად საჭიროა მართვის არსებული სისტემის ახლით შეცვლა, რაც ითხოვს არსებული ხელისუფლების ისეთი ხელისუფლებით შეცვლას, რომელიც ახალი სიტყვის მოთოვნებით, ახალი სისტემის დანერგვას ივალდებულებს.
3. მართვის ახალი სისტემის დანერგვა ნიშნავს: ძველის, ანუ არსებულის გათვალისწინებით, ცხოვრების `ნულოვანი ვარიანტით~ თავიდან დაწყებას.
ანუ:
ახლის აშენების საფუძველში იდება სიყვარული - როგორც ბაზისი, ხოლო ზედნაშენად, რწმენის სასახლე იგება.
4. გადარჩენის საკითხს ვერ წყვეტს - ვერ გადაწყვეტს ერთი ადამიანი, ცალკე აღებული ერთი რომელიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია - გაერთიანება.
ერისა და ქვეყნის გადარჩენა წყდება ეროვნული თანხმობით!.. (და სიტყვით, რომელიც დროში მოგვეცა!)
მოწინააღმდეგე, ნებისმიერ შემთხვევაში, იარსებებს.
5. წინა ჩადენილი ცოდვების თუ შეცდომების მიუხედავად (დანაშაულს არ ვგულისხმობთ, რომელსაც სახალხო სასამართლო განსაზღვრავს!), ეროვნული თანხმობის აღმსრულებელი `ეროვნული ფრონტის~ კარი, ღია უნდა იყოს ნებისმიერი პიროვნებისათვის, რომელიც ამ სიტყვით მოცემული გზით, ერისა და ქვეყნის გადარჩენას ისურვებს.
ანუ:
ყოველ `სავლეს~ ეძლევა, და აქვს უფლება, გახდეს `პავლე~, რომელსაც აღარ მოეკითხება სავლეობის გამო.
6. ვერ იქნები ორი ბატონის მსახური. გადაწყვეტე ერისა და ქვეყნის შველა? - შენი ჰო იყოს ჰო, და არა - არა;
შეჰპირდი ადამიანს, ხალხს, ამომრჩეველს, თანამშრომელს? - შეუსრულე.
7. დრო, გადამწყვეტია!..
ერისა და ქვეყნის გადარჩენა წყდება დროში; სამოქმედოა ყოველწამიერად, ყოველდღიურად. გაუშვი ხელიდან დრო? - იმარჯვებს მტერი, მოწინააღმდეგე, რომელიც შენზე დიდია, შენზე ძლიერია, შენზე ეშმაკია...
გაუშვი ხელიდან დრო? - უღალატე ერს, ქვეყანას, საკუთარ თავს, ოჯახს, მომავალს.
ეს ის ღალატია, რომელიც პატიებას არ ექვემდებარება...
***
სხვა გზით - სხვა გზებით, ერისა და ქვეყნის გადარჩენა ვერ ხდება, არ ხდება...
ყველა სხვა გზას - ნებისმიერს, ერი და ქვეყანა დაღუპვასთან მიჰყავს, მოვყავართ!
ზოგადი საერთო მოთხოვნები
*
1. ვისაც ნამდვილად (რეალურად) სურს საქართველოსა და ქართველი ერის გადარჩენა, ჭეშმარიტად დემოკრატიული, პოლიტიკურად ყველასგან დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყნის აშენება, დაცვა, შენარჩუნება (ამ გზით გაბრწყინება);
2. ვისაც ნამდვილად (რეალურად) აწუხებს ქვეყნის, მისი მაცხოვრებლების, ქართველი ერის ბედი, და თანამდებობა არ სურს პირადი ცხოვრების მოსაწყობად, პირადი მიზნების (ამბიციების) დასაკმაყოფილებლად;
3. ვისაც შეუძლია პირადი `მე~ (აზრები, შეხედულებები) დაუმორჩილოს ახალი დროის – ეპოქის შესაბამის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ მოთხოვნებს;
4. ვისაც აქვს ცოდნა (სასურველია – გამოცდილებაც, მაგრამ არა აუცილებლად), მასთან ერთად – უნარი მართოს ადამიანები, დაიმსახუროს ხელქვეითთა სიყვარული – სიყვარულით, და შეინარჩუნოს სამართლიანობა, დააფასოს ადამიანები ცოდნის, უნარის და გაწეული სასარგებლო სამსახურის – საქმიანობის შესაბამისად;
5. ვისაც აქვს უნარი (ან შეძლებს) მტერი გაიხადოს მოყვარედ, და მოყვარე არ აქციოს მტრად;
6. ვისაც აქვს უნარი (ან შეძლებს) შეინარჩუნოს წონასწორობა ნებისმიერ შემთხვევაში; მოთოკოს გრძნობები და ყველაზე გამოუვალ (ექსტრემალურ) ვითარებაშიც კი იხელმძღვანელოს გონებით, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება საჭირო ადამიანებთან ერთად, ან დამოუკიდებლად;
7. ვისაც აქვს უნარი, სურვილიც, აღკვეთოს უსამართლობა კანონის შესაბამისად და მისი დაცვით ხელქვეითთა შორის მოსპოს ამბისტანიობა, ურთიერთდაპირისპირება, და თვითონაც ასეთი იყოს ზემდგომთა მიმართ; დაიმდაბლოს თავი, რათა ამ გზით ამაღლდეს;
8. ვისაც აქვს პატიების უნარი, მით უფრო, თუ ამას ითხოვს ერისა და ქვეყნის ინტერესები; შეუძლია პირად თუ ქვეყნის მტერთან (თუ იგი ასე თვლის) დაჯდეს ერთ მაგიდასთან, აწარმოოს მასთან მოლაპარაკება – დარგისთვის, ერისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო შეთანხმების, გადაწყვეტილების მისაღებად;
9. ვისაც აქვს უნარი, შეუძლია ( ან შეძლებს) სხვისი გასაჭირი მიიღოს თავის გასაჭირად; დაეხმაროს, მხარში ამოუდგეს ასეთს, და ამ დროს არ დაავიწყდეს, რომ ‘პირად-პიროვნულმა~ არ შეიძლება გადაფაროს ქვეყნის ინტერესები;
10. ვისაც აქვს უნარი გაუძლოს ყოველგვარ ცდუნებას (ფულს, ქალს თუ კაცს, სასმელს...) და დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს, რასაც იღებს – მიიღებს კანონით;
11. ვისაც აქვს უნარი, იყოს კანონმორჩილი, მაგრამ შეურიგებელი კანონდამრღვევისადმი; აქვს უნარი, ან შეძლებს თავისი მოსაზრება დაუფარავად გამოთქვას ზემდგომისადმიც კი უშუალოდ, პირისპირ, ანუ იყოს პირუთვნელი, ოღონდ არა უზრდელი;
12. ვისაც აქვს უნარი, მოუსმინოს სხვას და ისე გამოთქვას თავისი მოსაზრება; არ შერცხვება ჰკითხოს სხვას, რაც თვითონ არ იცის და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, თქვას და ისე იმოქმედოს;
13. ვინც შინაგანად ეწინააღმდეგება კლანური დაჯგუფების შექმნას; ნათესავ-მეგობართა დაუმსახურებლად წინ წამოწევას, მათ ხელშეწყობა-მფარველობას, და აქვს უნარი ყველა შემთხვევაში შეინარჩუნოს წონასწორობა, ზომიერება, ანუ დაიცვას კანონი;
14. ვისაც აქვს უნარი, თავის ირგვლივ არ შექმნას ბურუსით მოცული ატმოსფერო, საქმიანობა მაქსიმალურად გახადოს ‘გამჭვირვალე, ყოველი თანამშრომლისთვის გასაგები, ინფორმაციის მიღება – ხელმისაწვდომი (გარდა, სახელმწიფოებრივი საიდუმლოსი!);
15. ვისაც აქვს უნარი აღიაროს შეცდომა და ითხოვოს პატიება, და იყოს ასეთი მომთხოვნი უპირველესად ქვემდგომების მიმართ;
16. ვისაც აქვს უნარი დაივიწყოს წინარე პარტიული ინტერესები და მთელი თავისი საქმიანობა დაუმორჩილოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ ერისა და ქვეყნის ინტერესებს;
17. ვისაც აქვს უნარი, თანამდებობამ არ აქციოს ისეთ `გულჩვილად~, რომ ზიანი მიაყენოს საქმეს, დარგს, ქვეყანას, ვისაც შეუძლია ცხოვრება დაიწყოს `ნულიდან~ (წინარე განცდილ-დაშვებული შეცდომა-დანაშაულის დათმობით - `დავიწყებით~), და სხვასაც შეხედოს ასე, ანუ სხვასაც მისცეს საშუალება ცხოვრება `ნულიდან~ დაიწყოს;
18. ვისაც აქვს უნარი, იყოს შეურიგებელი და მოუსყიდველი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოთხოვნების დარღვევებისადმი ნებისმიერის მიმართ – განურჩევლად;
19. ვისაც აქვს უნარი, დარგის განვითარების საკუთარი ხედვა არ გააფეტიშოს და არ შემოიფარგლოს ვიწრო წრის რჩევით, გახადოს იგი საერთო მსჯელობის საგნად, დარგის ინტერესები შეათანხმოს საერთო ინტერესებს;
20. ვისაც არ ეზარება შრომა – დღე თუ ღამე, და ნაკლებს ფიქრობს დასვენება-გართობაზე, მაგრამ დარგის მუშაკებს შეუქმნას დასვენება-გართობის ყველა პირობა;
21. ვისაც აქვს უნარი, გაუძლოს ყველა სულიერ-ფიზიკურ შემოტევას, დატვირთვას; დათრგუნოს დაკავებული თანამდებობიდან გაქცევის, თავის არიდების სურვილი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში შეძლოს თქმა: `მე არ შემიძლია ამ მოვალეობის შესრულება~;
22. ვისაც აქვს უნარი, დარგს, დარგის მუშაკთ შეხედოს, როგორც საკუთარ ოჯახს და ოჯახის წევრებს, რომლებსაც სჭირდებათ დაცვა, პატრონობა, ანუ შენახვა, გაფრთხილება, მოფერებაც, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დატუქსვა – დასჯაც, ოჯახის მთლიანობის და სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
ყველაფერი კი უნდა დამორჩილდეს საერთო სამშობლოს – ერისა და ქვეყნის ინტერესებს.
აღნიშნული მოთხოვნები პირობითია, რასაც დაცვა – შესრულება დასჭირდება კანონით, შერჩეული კანდიდატის თანამდებობაზე არჩევა-დანიშვნის შემთხვევაში.
ბოლო თხოვნაა: კიდევ ერთხელ თავიდან წავიკითხოთ ჩვენი ეს პროგრამა მთლიანობის გასააზრებლად და მერე ისე ვიმსჯელოთ მისი ცალკე აღებული `პუნქტის~ მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობაზე...
ეროვნული თავისუფლებბისა და
ეკონომიკური ამნისტიის ქარტია
(პრეამბულის გარეშე)
9 ძირითადი პრინციპი
*
ქართველი ერისა და საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის ხელმოწერების გამოხატული ნების შესაბამისად ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობათა გადაწყვეტილებების თანახმად, ვაცხადებთ და ვადასტურებთ:
1. ქართველი ერი წარმოადგენს თავისუფალ, თანასწორუფლებიან მოქალაქეთა ერთობლიობას, რომელიც ფლობს, განკარგავს და იცავს საქართველოს ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ტერიტორიას, მის ბუნებრივ სიმდიდრეებს, მატერიალურ და სულიერ ფასეულობებს - სამარდჟამოდ.
2. ქართველი ერი ისწრაფვის, დააფუძნოს ჭეშამრიტად ეროვნული, სრულმასშტაბიანი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მქონე, დემოკრატიული სახელმწიფო.
3. ქართველი ერი, ყველა უცხო ძალისგან დამოუკიდებლად, ირჩევს სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ფორმაციას, რომელიც პასუხობს დროის და საქართველოში გაცხადებული სიტყვის მოთხოვნებს, ერის სასიცოცხლო ინტერესებს, ტრადიციულ ფასეულობებს.
4. ქართველი ერი უმაღლესი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტად მიიჩნევს თანაბარუფლებიან პარტნიორობას მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან, უპირატესობას არ ანიჭებს რომელიმე ზე-სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა ბლოკს სხვა სახელმწიფოთა ინტერესების საზიანოდ: მზად არის ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისა და პოლიტიკური დიალოგისთვის.
5. ქართველი ერი, ფართო სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად, ეფუძნება ურთიერთ მიტევების პრონციპს და ამოსავლად მიიჩნევს პოლიტიკურ თავისუფლებასა და ეკონომიკური ამნისტიის ნულოვან ვარიანტს.
6. ქართველი ერი შიდასახელმწიფოებრივი აღმშენებლობის უზრუნველყოფის აუცილებელ პირობად მიიჩნევს ორი ფუნდამენტური პრინციპის განხორციელებას:
ა) თითოეული ქართველი - ერის სამსახურში;
ბ) თითოეული ქართველი - მესაკუთრე.
7. ქართველი ერი აყალიბებს ეროვნული ეკონომიკის განსაკუთრებულ ტიპს, რაც ზოგადეროვნული ქონების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს ეფუძნება და გულისხმობს სახელმწიფოს განმსაზღვრელ როლს ეროვნული შემოსავლის შექმნის, აღრიცხვა-კონტროლს განაწილება-განკარგვის სფეროში. ეროვნული სახელმწიფო პატრონობას უწევს კერძო ეროვნულ და საზოგადოებრივ სექტორს, მოქნილი შიდა საინვესტიციო, საგადსახადო-საკრედიტო პოლიტიკით.
8. ქართველი ერი განიხილავს მართლმადიდებლობას, როგორც ეროვნული სულიერებისა და ზნეობის საფუძველს და ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას სახელმწიფოებრივ სტატუსს, ამასთან უნარჩუნებს მას ერთგვარ დამოუკიდებლობას. ქართველი ერი აღიარებს და პატივს მიაგებს მსოფლიო რელიგიურ კონფესიებს, მათ ძირითად მიმდინარეობებს.
9. ქართველი ერი აღიარებს გაცხადებულ ახალ სიტყვას, მასზე დაკისრებულ ისტორიულ მისიას და ქართველი ერის უმრავლესობის 1,7 მლნ და 1,65 მლნ ამომრჩევლის ხელმოწერებით გამოხატული ნების თანახმად, იღწვის ორჯერ ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დადგენილებათა აღსასრულებლად, მისთვის სამოქმედოდ განსაზღვრულ დროში.
`ქარტია~ სრული სახით გამოქვეყნებულია გაზეთში: `მძლეველი #46, 2002წ.
შენიშვნა: თუ ვხედავთ, აღნიშნულ `ქარტიაში~ სრულად ნაჩვენები და გამოხატულია ვინ ვართ, რანი ვართ, რას ვითხოვთ; მასში ჩვენი - ქართველების და საქართველოში მცხოვრებთა მოთხოვნები სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული და აღარ არის საჭირო `ვიღაცისაგან~ მისი ცალკეული პუნქტის დაშლილი სახით ერისთვის შეთავაზება, რაიმე სხვა მსგავსი შინაარსის შემცველი ხელმოწერების შეგროვება, სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთიანობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.
ქართველ ერს, სრული სახით ჩამოყალიბებული - `პრეამბულით~ განმარტებული `ქარტია~, ჩვენ ჯერ კიდევ 2002 წელს შემოგთავაზეთ!..